ჩამოტვირთეთ
მხარდაჭერილია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (გრანტის ნომერი MG-ISE-23-369)
2024 წლის 7-10 მაისს თბილისში, რედისონ ბლუ ივერიასა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის საქართველოს საიუბილეო XIII ეროვნული კონგრესი, ასთმის, ფქოდ-ისა და რესპირაციული ალერგიის ევროპის IX კონგრესი და III საერთაშორისო კონგრესი „კორონავირუსული ინფექცია (COVID-19): პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია“. მასშტაბურ სამეცნიერო ფორუმზე შეიკრიბა 240 მონაწილე, რომელთა განხილვის საგანს კლინიკური იმუნოლოგიის აქტუალური თემები შეადგენდა.
სკოლა-კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის მიერ მსოფლიო იმუნოპათოლოგიის ორგანიზაციასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით და მსოფლიო ალერგიის ორგანიზაციისა (WAO) და ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპული აკადემიის (EAACI) პატრონაჟით.
ღონისძიების წამყვანი სპიკერები იყვნენ WAO-სა და EAACI-ს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, აშშ-ს, იტალიის, ისრაელის, თურქეთის, საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კლინიკების პროფესორები: ნობელის პრემიის ლაურეატი აარონ ჩიხანოვერი, კონგრესის პრეზიდენტი რევაზ სეფიაშვილი, ალენ კაპლანი, მარტინ ბრაიანი, სტეფანო დელ ჯიაკო, ჩევდეთ ოზდემირი, ზაალ კოკაია, ჯონათან კიპნისი, შონ ველანი, მარკო კოლონა, თინათინ ჩიქოვანი, გია კამკამიძე, მაია ხერხეულიძე და ა.შ.
კონგრესის მსვლელობისას აღინიშნა იმუნოლოგიის საერთასორისო დღე და მსოფლიო ალერგიის მსოფლიო კვირეული, რომლებიც მაისის თვეში იმართება ხოლმე. კონგრესისა და სკოლის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ და დისკუსიაში ჩართულიყვნენ პლენარული სესიის მომხსენებლებთან, დაესწრებოდნენ პლენარულ და სააქტო ლექციებს, 12 სიმპოზიუმს, ონლაინ სესიას, ასევე საერთაშორისო სკოლას „ასთმის მსოფლიო დღე“ და ვაშინგტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო სკოლის სესიებს: „ახალი საზღვრები მედიცინასა და ბიოლოგიაში“, „ახალი საზღვრები იმუნოლოგიაში“, „ახალი საზღვრები ნეიროიმუნოლოგიაში“. სკოლის მონაწილეებისათვის ასევე მოეწყო სემინარი „პროექტი ერთ დღეში“.
კონგრესის სიმპოზიუმებზე მონაწილეებმა იმსჯელეს ალერგიის, ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიასა და დიაგნოსტიკაზე, რესპირატორული და კანის დაავადებების იმუნოპათოგენეზზე, დასახეს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი შესაძლებლობები.
პლენარულ ლექციებზე, სიმპოზიუმებზე იმუნური დარღვევების ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობისა და მართვაში ციფრული მედიცინის გამოყენების კვლევების გაცნობის შემდეგ გაშლილმა დისკუსიებმა ახალი პერსპექტივები გახსნა პერსონალიზებული მედიცინაში, იმუნური პასუხით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის მათემატიკურ მოდელირებასა, ალერგიისა და აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თვალსაზრისით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარების ფორმატით ორგანიზებული სესიების განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები განხილებოდა მიდგომით ერთიანი ჯანმრთელობა - One Health, რომელმაც აუდიტორიას დაანახა, რომ ადამიანის ჯანმრთელობა მხოლოდ ჯანმრთელ გარემომცველ ცოცხალ სამყაროსთან კონტექსტში შეიძლება განიხილოს.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორების ჯონათან კიპნისის, ეინავ კლეჩევსკის, შონ ველანისა და სხვების მიერ ორგანიზებული სესიები ახალგაზრდა მეცნიერებსა და ექიმებს დაეხმარა გაერკვიათ ნერვული და იმუნური სისტემების ინტერაქციის როლი ზოგიერთი ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ დაავადების განვითარებაში, დაბერების იმუნოლოგიის თავისებურებები და ხელოვნური ინტელექტის როლი სიმსივნის მეტასტაზირების დიაგნოსტიკაში.
სემინარი პროექტის წერაში, სტუდენტებსა და დოქტორანტებს დამოუკიდებელი სამეცნიერო კარიერის დაწყებაში დაეხმარება.
წლევანდელი სკოლა-კონფერენცია ახალგაზრდა მეცნიერებისა და ექიმებისთვის სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება და ბიოსამედიცინო დარგის კვლევებში სრულფასოვანი ჩართვის დიდი მოტივაცია იყო. წამყვან უცხოელ და ქართველ მეცნიერთა ნაშრომების გაცნობა ხელს შეუწყობს საქართველოში მიმდინარე კვლევების თანამედროვე სტანდარტით დაგეგვასა და განხორციელებას.
ღონისძიების ჩატარების ამსახველი ფოტომასალა.