ჩამოტვირთეთ


ორგანიზაციის წესდება



დამტკიცებულია: “საქართველოს ალერგოლოგიისა და

კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის”

გამგეობის მიერ

                                                                                                                                       

კრების ოქმი №1

21.12.2023

 

 

წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის

წესდება

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი (შემდგომ − ორგანიზაცია), რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
  2. ეს წესდება წარმოადგენს ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორის დადებული სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილს, რომელიც გამოხატავს მათ ურთიერთთანხვედრ ნებას და სავალდებულო ძალის მქონეა დამფუძნებლებისა და წევრებისთვის.
  3. ორგანიზაცია წარმოშობილად ითვლება და იურიდიული პირის სტატუსს იძენს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
  4. ორგანიზაცია თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. ორგანიზაციის პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით.
  5. ორგანიზაციის ვალდებულებებისათვის მისი დამფუძნებელი, წევრი, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები) პასუხს არ აგებს.
  6. ორგანიზაცია პასუხს არ აგებს თავისი დამფუძნებლების, წევრების, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ვალდებულებებისთვის.
  7. ორგანიზაციის მიზანია არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა. ორგანიზაცია უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს მისი მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ორგანიზაციის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შორის დაუშვებელია. ორგანიზაცია უფლებამოსილია მისი საქმიანობის განსახორციელებლად შეიძინოს/მიიღოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, შემოწირულობები.
  8. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ორგანიზაციის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
  9. ორგანიზაციას თავისი მიზნების მისაღწევად უფლება აქვს, განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული.
  10. ორგანიზაციის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით საქმიანი წერილისა და ვებგვერდისთვის დადგენილი წესები.

 

მუხლი 2. ორგანიზაციის მართვა

  1. ორგანიზაციის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს წევრთა საერთო კრება და გამგეობა. წევრთა საერთო კრება (მორიგი საერთო კრება) ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც, რომელზეც განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. სხვა შემთხვევებში ტარდება რიგგარეშე საერთო კრება.
  2. წევრთა საერთო კრების მოწვევის უფლება აქვს ორგანიზაციის წევრთა 1/10-ს, გამგეობის წევრთა უმრავლესობასა და ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს/პირებს. წევრთა საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კრებაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
  3. წევრთა საერთო კრება ტარდება კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნებიდან ან წევრებისთვის მოსაწვევის გაგზავნიდან სულ ცოტა 14 დღის შემდეგ. მოსაწვევის გაგზავნა შესაძლებელია დაზღვეული წერილით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. წევრთა საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნებად მიიჩნევა კრების მოწვევის თაობაზე ინფორმაციის ერთიანი ელექტრონული პორტალის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე (ელექტრონულ მისამართზე) განთავსება. წევრთა საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება ეგზავნება ყველა იმ წევრს, რომელიც კრების მოწვევის დღეს ირიცხება ორგანიზაციის წევრად. ხმის უფლების გამოყენების უფლებამოსილების მქონე პირის სარწმუნო იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელი არიან საერთო კრების თავმჯდომარე და კრების მომწვევი ორგანო. საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება/მოსაწვევი უნდა შეიცავდეს წევრთა საერთო კრების დღის წესრიგს. წევრს უფლება აქვს, საერთო კრების მომწვევს მოსთხოვოს კრების დღის წესრიგის თითოეული საკითხის თაობაზე განმარტებების გაცემა და წარადგინოს თავისი მოთხოვნა/აზრი. თუ წევრის მოთხოვნა წევრთა საერთო კრებამდე სულ ცოტა 3 დღით ადრე წერილობით იქნება წარდგენილი, ის უნდა დაკმაყოფილდეს და შეტანილი უნდა იქნეს დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად. წევრთა საერთო კრების ჩატარების ადგილი და დრო გაუმართლებლად არ უნდა ზღუდავდეს წევრის საერთო კრებაში მონაწილეობის უფლებას.
  4. თუ წევრთა საერთო კრებას ყველა წევრი ესწრება და ისინი თანახმა არიან კრების ჩატარებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე, კრების ჩატარება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ კრების მოწვევის კანონით ან/და ამ წესდებით დადგენილი წესები არ იქნა დაცული. წევრის თანხმობად მიიჩნევა, თუ იგი არ მოითხოვს საერთო კრების სხვა დროს ჩატარებას მისი მოწვევის პროცედურის დარღვევის გამო.
  5. წევრთა საერთო კრების სათანადოდ მოწვევისა და ჩატარებისთვის პასუხისმგებელია ამ კრების მომწვევი პირი/ორგანო. წევრთა საერთო კრების მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა წევრებისა და ხელმძღვანელი ორგანოსათვის. წევრთა საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს იმ საკითხზე, რომელიც წესდებით საერთო კრების უფლებამოსილებას განეკუთვნება.
  6. წევრთა საერთო კრება ირჩევს საერთო კრების თავმჯდომარეს კრებაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. წევრთა საერთო კრების მიმდინარეობას ხელმძღვანელობს, ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე.
  7. საერთო კრების ოქმში უნდა აღინიშნოს:

ა) ორგანიზაციის საფირმო სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) საერთო კრების ჩატარების ადგილი და თარიღი;

გ) მითითება საერთო კრების მოწვევის პროცედურის დაცვასა და ამ კრების გადაწყვეტილებაუნარიანობაზე;

დ) საერთო კრების თავმჯდომარის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ე) საერთო კრების დღის წესრიგი, საერთო კრების გადაწყვეტილება, კენჭისყრის შედეგების მითითებით.

  1. წევრთა საერთო კრების კომპეტენციას განეკუთვნება შემდეგი საკითხები:

ა) ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მითითებების მიცემა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოსთვის/პირისთვის;

ბ) ორგანიზაციის წესდებაში ცვლილება/წესდების ახალი რედაქციის მიღება, შინაგანაწესის დამტკიცება;

გ) ორგანიზაციის გამგეობის წევრების არჩევა და გათავისუფლება;

დ) ორგანიზაციისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების რეორგანიზაცია/ ლიკვიდაცია;

ე) გადაწყვეტილების მიღება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონითა და ამ წესდებით არ განეკუთვნება სხვა ორგანოს/პირის კომპეტენციას.

 

მუხლი 3. წევრთა უფლებები და მოვალეობები

  1. ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს.
  2. ორგანიზაციის წევრად მიღების, გასვლისა და გარიცხვის საკითხს წყვეტს გამგეობა.
  3. ორგანიზაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) ორგანიზაციიდან გარიცხვისას.

  1. გამგეობის გადაწყვეტილებით წევრი შეიძლება გაირიცხოს ორგანიზაციიდან, თუ ის სისტემატურად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს ან/და თავისი ქმედებით ეწინააღმდეგება ორგანიზაციის საქმიანობას, მიზნებსა და ამოცანებს.
  2. წევრს უფლება აქვს:

ა) არჩეულ იქნეს ორგანიზაციის ხელმძღვანელ ან/და სხვა ორგანოებში;

ბ) მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის პროგრამებში, პროექტებში, წარმოებაში არსებულ საქმეებსა და სხვა ღონისძიებებში;

გ) მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ და ისარგებლოს ორგანიზაციაში დაცული ინფორმაციით;

დ) გავიდეს წევრობიდან.

  1. ორგანიზაციის წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას ორგანიზაციის წესდება და შინაგანაწესი;

ბ) გაუფრთხილდეს ორგანიზაციის სახელს, საქმიან რეპუტაციასა და ქონებას;

გ) დადგენილ ვადაში გადაიხადოს საწევრო გადასახადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

მუხლი 4. გამგეობა

  1. წევრთა საერთო კრებებს შორის პერიოდში ორგანიზაციას მართავს გამგეობა.
  2. გამგეობის სხდომა ტარდება სამ თვეში ერთხელ მაინც. სხდომა მოწვეულ უნდა იქნეს სულ ცოტა 8 დღით ადრე, გამგეობის წევრისთვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურების საშუალებას. მოსაწვევი უნდა შეიცავდეს გამგეობის სხდომის დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან 3 დღის ვადაში გამგეობის წევრებს შეუძლიათ სხდომის დღის წესრიგში დამატებების შეტანა.
  3. გამგეობის სხდომის მოწვევის უფლება აქვს გამგეობის წევრს, მის თავმჯდომარეს, წევრთა საერთო კრებასა და ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს. სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ კონკრეტულ საკითხს მხარს დაუჭერს გამგეობის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
  4. გამგეობის სხდომის მიმდინარეობას ხელმძღვანელობს, ოქმს ადგენს და ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - სხდომის თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს ამავე კრებაზე დამსწრე გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი. გამგეობის თავმჯდომარე - პრეზიდენტი არჩეულია 4 წლის ვადით.
  5. გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება შემდეგი საკითხები:

ა) ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ბ) ორგანიზაციის მიერ ქონების შეძენა/გასხვისება/ვალდებულებით დატვირთვა;

გ) სხვა იურიდიულ პირებში ორგანიზაციის გაწევრიანება ან პარტნიორად/ დამფუძნებლად შესვლა;

დ) ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის არჩევა და გათავისუფლება;

ე) გამგეობის თავმჯდომარის არჩევა და გათავისუფლება;

ვ) ორგანიზაციის წევრების მიღება და გარიცხვა.

თ) ორგანიზაციის წესდებაში ცვლილება/წესდების ახალი რედაქციის მიღება, შინაგანაწესის დამტკიცება (გამგეობის ხმათა 2/3-ით)

 

მუხლი 5. ორგანიზაციის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა

  1. ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი. დირექტორი ინიშნება არაუმეტეს 3 წლის ვადით, ხელახლა დანიშვნის უფლებით. თუ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კანონით დადგენილი წესით არ განხორციელდება მისი უფლებამოსილების ახალი ვადის ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილების რეგისტრაცია, რეგისტრირებული დირექტორის უფლებამოსილება განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად მიიჩნევა.
  2. ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში ორგანიზაციის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას. დირექტორი თავის ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესდებისა და შინაგანაწესის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად.
  3. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს ორგანიზაციის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. დირექტორს აქვს ერთპიროვნული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ამასთან, თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ერთზე მეტი დირექტორი ჰყავს, ისინი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებენ სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
  4. უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორს აქვს უფლება ორგანიზაციის სახელით დადოს გარიგებები, აწარმოოს მოლაპარაკებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ/მოპასუხედ, მიიღოს ორგანიზაციაში თანამშრომლები, გააფორმოს მათთან ხელშეკრულება და გადაწყვიტოს საკადრო საკითხები. დირექტორი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ ის მოქმედება, რომელიც ემსახურება ორგანიზაციის მიზნებს და არ აყენებს მას ზიანს. იგი ვალდებულია ორგანიზაციის საქმეებს გაუძღვეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დირექტორი ორგანიზაციის წინაშე პასუხისმგებელია წარმოშობილი ზიანისათვის. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმა ბათილია, თუ ეს აუცილებელია მესამე პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. დირექტორის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება იზღუდება წევრთა საერთო კრებისა და გამგეობისთვის ამ წესდებით განსაზღვრული კომპეტენციის გათვალისწინებით.
  5. გამგეობას შეუძლია ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს დირექტორი თანამდებობიდან შესაბამისი საფუძვლის მითითების გარეშე.
  6. დირექტორს უფლება აქვს გადადგეს თანამდებობიდან. ასეთ შემთხვევაში, დირექტორი ვალდებულია დაიცვას ორგანიზაციასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და პროცედურები.
  7. დირექტორი ვალდებულია წელიწადში ერთხელ წევრთა საერთო კრებას წარუდგინოს ორგანიზაციის საქმიანობის ანგარიში.

 

მუხლი 6. ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რეორგანიზაცია, შერწყმა და ლიკვიდაცია

  1. ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით იგი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაიქმნება.
  2. ორგანიზაციის გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა), შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) და ლიკვიდაცია ხორციელდება მეწარმე სუბიექტის ლიკვიდაციისათვის/ რეორგანიზაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
  3. ორგანიზაციის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, ასევე ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა საერთო კრება.
  4. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს კრედიტორთა მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.
  5. გადაწყვეტილება ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
  6. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავს ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება. ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:

ა) ხელს შეუწყობს დასახული მიზნების განხორციელებას;

ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;

გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

  1. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება ორგანიზაციის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს შორის.
  2. თუ ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებამ არ განსაზღვრა ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ ორგანიზაციას. თუ ასეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არ არსებობს ან შეუძლებელია მისი გამოვლენა, შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.
  3. სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ორგანიზაციის ლიკვიდაციას ახორციელებს (ახორციელებენ) სასამართლოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები). აკრძალულია ორგანიზაციის მიმართ სალიკვიდაციო და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყების მომენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტამდე.

მუხლი 7. დასკვნითი დებულებები

  1. ამ წესდების რომელიმე დებულების ბათილად ცნობა გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.